26 აპრილი 2024,   07:55
ვრცლად
აბასთუმანში ხანძარს 6 საათია, ვერ აქრობენ - სპეცტექნიკა სამუშაოებში ხვალ, დილიდან ჩაერთვება

აბასთუმანში ხანძარს უკვე 6 საათია, ვერ აქრობენ. ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია. ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და ხანძრის კერა მიუდგომელია. სტიქიის ზონაში მეხანძრე მაშველები, მეტყევეები და მოხალისეები იმყოფებიან. სპეციალური ტექნიკა აბასთუმანში მხოლოდ ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას. დღეს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში შსს-ს ერთი ვერტმფრენი იყო ჩართული.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ხანძრის ასეთი ტემპით გავრცელების შემთხვევაში, საფრთხე დასახლებულ პუნქტებსაც შეექმნას, თუმცა, მხარის გუბერნატორი აცხადებს, რომ ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროება და ავიაციის დამატებითი ძალის გამოძახების აუცილებლობა არ არსებობს.

ცეცხლი წიწვოვან ტყეს აბასთუმნის სიახლოვეს სამი საათისთვის გაუჩნდა. თავდაპირველად ცეცხლის გავრცელების არეალი 1 ჰექტარს არ აღემატებოდა, თუმცა ძლიერი ქარის და მიუვალი ადგილის გამო, საათ-ნახევარში, დაახლოებთ, 5 ჰექტარზე გავრცელდა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უკვე მეოთხე მასშტაბური ტყის ხანძარია.

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები