28 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
კომისიამ მიიღო მორიგი სამარცხვინო გადაწყვეტილება - ოპოზიცია ევროსასამართლოში წარსადგენ კანდიდატებზე

სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე რუსთავი2-ის საქმის მოსამართლეები - ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა, შეარჩია. კანდიდატურები ევროსასამართლოს, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარედგინება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კომისიამ მორიგი სამარცხვინო, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაზა ბიბილაშვილი, ფიქრობს, რომ ეს მარტივად მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებას მესამე, ევროსასამართლოს მიერ უკვე მოწონებული კანდიდატის, ლადო ჭანტურიას, გაყვანა სურს.

ზაზა ბიბილაშვილი ამჯერად შერჩეული კანდიდატების რუსთავი2-ის საქმესთან კავშირს იხსენებს და აცხადებს, რომ ისინი ცალსახად ასრულებდნენ ხელისუფლების დაკვეთას.

„ეს არის ამ ბოლომდე დისკრედიტირებული პროცესის ლოგიკური, ანუ სრულიად სამარცხვინო დასასრული. ყველას ძალიან კარგად ახსოვს, როგორი არაეთიკური საქციელით გამოირჩეოდნენ ისინი, როდესაც რუსთავი2-ის საქმის განხილვისას, მარტივად რომ ვთქვათ, საქმეს აჭიანურებდნენ, ხელისუფლების პოლიტიკური დავალებით, როდესაც პირველკლასელი ოროსნისთვის დამახასიათებელი ტყუილებით ცდილობდნენ სხდომების გადადებას,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - რეგიონების წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მთელ მიმდინარე პროცესს, „მორიგ ფარსს“ უწოდებს.

„ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს გადაულოცეს საკონსტიტუციო სასამართლო. მათი წარდგენა სტრასბურგში არის მარცხისთვის კიდევ ერთხელ განწირული მცდელობა. სწორედ სიჭინავა არის ის მოსამართლე, რომელიც იმ კრიტიკულ მომენტში, როდესაც რუსთავი2-ის საქმე იხილებოდა, ძაღლებს ასეირნებდა თბილისში,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ევროპის საბჭოსთვის წერილის გაგზავნას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, გეგმავს, მისი აზრით, კომისიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები