„ჩვენს მაჟორიტარებს 50%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ,“ - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების ოფიციალურად წარდგენისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი მათი დასახელების დროს დაწერილ სიტყვას კითხულობდა.
პრემიერის თქმით, თითოეული მაჟორიტარი განსაკუთრებულად მაღალი ლეგიტიმურობის მოსაპოვებლად 50%-იან ბარიერს აუცილებლად გადალახავს. კანონში კი ასეთი მოთხოვნა არ არის. 50%-იანი ბარიერის შეზღუდვა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის არ ვრცელდება და ის მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარ კანდიდატებზე მოქმედებს.
„ეს ბარიერი ჩვენი აწეულია და ავწიეთ იმიტომ, რომ დეპუტატებს, რაც შეიძლება, მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეთ. ამით ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენ არ ვეძებთ იოლ გზებს გასამარჯვებლად. მჯერა, რომ თითოეული ჩვენი კანდიდატი მოქალაქეთა უმრავლესობის ნდობას, მხარდაჭერას, სიყვარულს მოიპოვებს და დამაჯერებლად გაიმარჯვებს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, რომელიც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების შედეგების დადგენას ეხება, აღნიშნულია, რომ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მიიღებს სხვებზე მეტ ხმას. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მიიღო ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე წარადგინა განცხადება რეგისტრაციის შესახებ.
მმართველმა პარტიამ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ქართული ოცნების ლიდერმა საკრებულოს მოქმედი წევრებით და პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული 25 კაციანი სია დაასახელა.