19 მაისი 2024,   13:49
ვრცლად
ხანძარი საოკუპაციო ხაზთან - ქართველი მეხანძრეები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რჩებიან

ხანძარი იყო შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რის გამოც ქართველი მეხანძრეების რამდენიმე ბრიგადა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული. ისინი ამჟამადაც ადგილზე რჩებიან. ცეცხლი სოფელ ფლავისმანიდან დაახლოებით 500 მეტრში ბალახს ეკიდა.

ამ დროისთვის კვამლის რამდენიმე კერა შეინიშნება. სოფელ ფლავისმანიდან ცეცხლის ღია კერები აღარ ჩანს, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარი სრულად ჩამქრალია, შეუძლებელია.

ადგილობრივების განცხადებით, ოკუპანტები ქრობით სამუშაოებს გვიან ღამემდე აწარმოებდნენ. ხანძრის ადგილზე მობილიზებული იყო როგოც სპეციალური ტექნიკა, ასევე სამხედროები.

ფლავისმანის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ ადგილობრივებმა ცეცხლი ბალახს წაუკიდეს რათა სახნავი ტერიტორია დასამუშავებლად მოემზადებინათ, თუმცა ცეცხლის შეჩერება ვეღარ შეძლეს.

მათვე თქმით, გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარია როგორც სახნავი, ასევე საძოვრებად განკუთვნილი ტერიტორია.

 

დღის ამბები