27 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
„ქართული ოცნება“ ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის" - "ენმ" ვიდეოს აქვეყნებს

„ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, „ქართული ოცნება" არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. პარტიის ოფისში ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. გიორგი ბოტკოველმა განმარტა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება „ქართული ოცნების" მიერ წინასწარ შერჩეული ლოიალური კანდიდატებით ხდება. საუბარია საუბნო კომისიების დამოუკიდებელ წევრებზე, რომლებიც წესით, უპარტიოები უნდა იყვნენ.

გიორგი ბოტკოველის თქმით, „ქართული ოცნების“ შტაბიდან გაგზავნილ სიაში გაწერილია იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც „ქართული ოცნების" მითითებით უნდა იყვნენ შერჩეული კომისიის წევრებად.  

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა 2 ოლქის მაგალითი დაასახელა. გიორგი ბოტკოველის მტკიცებით, სიღნაღის შემთხვევაში, კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას ძირითადად იღებენ საჯარო მოხელეები, რომელთაც წინასწარ აქვთ გარანტირებული, რომ ვაკანტურ პოსტებზე მოხვდებიან.

გიორგი ბოტკოველის თქმით, თელავში „ქართული ოცნების" შტაბიდან იგზავნება სია, რომლებიც კომისიის წევრებად დამტკიცებული უნდა იყვნენ.

„აქ არის ორ კანონდარღვევაზე საუბარი და ასეთი კანონდარღვევები არის ყველა რაიონში, ასეთი მითითებები საოლქო კომისიებში მიდის აბსოლუტურად ყველა რაიონში. თელავის მაგალითზე ვიტყვი, რომ ამ წუთისთვის, 12 საათისთვის იმართება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც უკვე გადაწყვეტილია იმ კონკურენტულ გარემოში, როდესაც თითოეულ საარჩევნო უბანზე 8, 7, 9, 11, 10 კონკურენტია 6 ადგილზე, „ქართული ოცნების“ შტაბიდან უკვე გადაცემულია სია და მითითება თუ რომელი 6 ადამიანი უნდა იქნეს არჩეული,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მსგავს ფაქტთან დაკავშირებით „ნაციონალურმა მოძრაობამ" ოზურგეთს ერთ-ერთი ოლქის შესახებ ფარული მასალაც გაავრცელა. მათი მტკიცებით, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს პარტიული ნიშნით შერჩეული ადამიანები წინასწარ მიჰყავთ კომისიებში, ავსებენ განაცხადებს და მმართველი გუნდის წევრები მათ გარანტიას აძლევენ, რომ კომისიის წევრებად შერჩეულები იქნებიან. 

"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კონფიდენციალური სარწმუნო წყაროს მხრიდან, „ქართული ოცნება“ ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის და ამისთვის მათ წინასწარ მიიყვანეს ორგანიზებულად ადამიანები საოლქო კომისიებში," - განაცხადა დავით მჟავანაძემ. 

დღის ამბები