19 მაისი 2024,   14:58
ვრცლად
კახეთში, სოფელ ართანასთან ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება - ვითარება უკიდურესად რთულია

კახეთში, სოფელ ართანასთან გაჩენილი ტყის ხანძრის ლოკალიზება კვლავ ვერ ხერხდება. ვითარება უკიდურესად რთულია. მოსახლეობის ინფორმაციით, ცეცხლი დაბლა, დასახლებული პუნქტისკენ მოიწევს.

თუმცა, მოსახლეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს წარმომადგენლები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

„შტაბის წევრებმა მოვახდინეთ საკონტროლო შემოფრენა ართანის მიმართულებით, შემიძლია გითხრათ, რომ ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობს აქტიურად და ასევე ნიადაგის დამუშავება. ხანძრის გავრცელებაზე საუბარი არ არის, ახლა შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ ხანძრის ლოკალიზებაზე,“ - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე.

ადგილზე ხანძრის 10-მდე აქტიური კერაა, სამუშაოებს ართულებს მიუდგომელი რელიეფიც. კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ალპურ ზონაში წვა უკვე შეჩერებულია და ამ ეტაპისთვის ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

„ცეცხლი არის ციცაბო ადგილებზე გაჩენილი და უშუალოდ მეხანძრეებს და მაშველებს უხდებათ ამ ცეცხლის კერებთან უშუალო შეხება. რაც შეეხება ალპურ ზონაში დილას გადასხმული დესანტის შედეგად, საქმემ წინ წაიწია და ალპურ ზონაში წვა უკვე შეჩერებულია და აღარ გვაქვს, ამიტომ იქ ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს და ვერტმფრენები აქტიურად მუშაობენ. დღის განმავლობაში ნისლის და დაკვამლიანების გამო ცოტა შევფერხდით, მაგრამ ახლა ინტენსიურად მიმდინარეობს ვერტმფრენების მუშაობა,“ - აცხადებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.

კოხტას მთებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მესამე დღეა 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, რეინჯერი და სამაშველო ავიაცია ცდილობს. განადგურებულია რამდენიმე ათეული ჰექტარი ტყე, ზარალის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე დათვლილი არ არის.

დღის ამბები