14 მაისი 2024,   06:38
ვრცლად
სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა- ომბუდსმენი ე.წ. ციანიდის საქმეზე

სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა - ეს განცხადება, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას გააკეთა. ნანუაშვილმა ყურადღება დარღვევებზე გაამახვილა და თქვა, რომ 7 თვის განმავლობაში დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბრალდებულს და დაცვის მხარეს დაცვის სრულყოფილად განხორციელების საშუალება არ მიეცა.

„სახალხო დამცველი ადასტურებს საკუთარ პატივისცემას სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი მთავარი ინსტიტუციის მიმართ, ამასთან კონსტიტციური მანდატის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი თავს ვალდებულად მიიჩნევს საზოგადოებას გააცნოს აღნიშნულ საქმეზე 7 თვის განმავლობაში განხორციელებული უწყვეტი მონიტორინგის ძირითადი შედეგები.

"მონიტორინგის შედეგად აშკარად გამოკვეთა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას განხორციელებულმა დარღვევებმა საქმის სასამართლო განხილვაზეც იქონია გავლენა და ხელი შეუშალა ბრალდებულს და ადვოკატებს დაცვის სრულყოფილად განხორციელებაში,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

სახალხო დამცველის განცხადებით, გამოძიების პირველი დღიდანვე უდანაშაულობის პრეზუმციის და მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა არა ერთი ხარვეზისა, რომელთაც მოგვიანებით იჩინეს თავი. უჩა ნანუაშვილის თქმით, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მიუღებელი იყო სასამართლო პროცესების დახურვა.

ომბუდსმენი ამბობს, რომ სასამართლო სხდომების დახურვით, საზოგადოებას პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა წაერთვა.

გარდა ამისა, უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარეს სააპელაციო და საქალაქო სასამართლომ შეუზღუდა უფლება, ამოეღო აეროპორტიდან დეკანოზის დაკავებისა და ბარგის ამოღების ვიდეო მასალა. მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი დეტალურ დარღვევებზე განაჩენის დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ისაუბრებს.

„მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ საქმეზე არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესის სრულად დახურვა საჭიროებას არ წარმოადგენდა. ე.წ. ციანიდის საქმის მასალების შესწავლისა და სასამართლო პროცესებზე ანალიზის შედეგად არა ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა. მათ უმრავლესობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი დაელოდება განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებას, თუმცა პირდაპირ შეიძლება აღინიშნოს დარღვევები, რომლებმაც აშკარა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს პროცესის სამართლიან მიმდინარეობას. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუზღუდეს დაცვის მხარეს უფლება, მოეპოვებინათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის ამოღებისა და დაკავების ამსახველი ვიდეო მასალა. გაუგებარია, ვისი პერსონალური მონაცემების დაცვას ისახავდა მიზნად სასამართლო, როდესაც პროცესი მთლიანად იყო დახურული,“ - ამბობს ომბუდსმენი. 

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. ე.წ. ციანიდის საქმეზე, სასამართლო განხილვა თითქმის 8 თვე მიმდინარეობდა. 

დღის ამბები