12 მაისი 2024,   23:47
ვრცლად
ხულოში ცეცხლის რამდენიმე კერა ისევ გაღვივდა - ხანძარი წიწვოვან ხეებზე გავრცელდა

ხულოში, შავნაბადას მთაზე ტყის მასივში ხანძრის ჩაქრობა ისევ ვერ ხერხდება. ცეცხლის რამდენიმე კერა ცოტა ხნის წინ ისევ გაღვივდა და ხანძარი წიწვოვან ხეებს გადაედო. ამ ეტაპზე ცოცხალი ძალა ცეცხლის ჩასაქრობად არ არის საკმარისი, რის გამოც, შვეულმფრენების ჩართვის აუცილებლობა გახდა საჭირო.

შვეულმფრენებისთვის წყლის უზრუნველყოფის მიზნით, ტყეში წყლით სავსე ავზები უკვე გამზადებულია. ადგილზე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის თქმით, ტრაბზონიდან მეორე შვეულმფრენს ელოდებიან. დღეს 13:00 საათისთვის თურქეთიდან ერთი შვეულმფრენი უკვე ჩამოფრინდა, თუმცა, კიდევ ერთის დამატების საჭიროება გახდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, ცეცხლის წიწვოვან ხეებზე გავრცელება ქარის გამო მოხდა.

დღეს დილიდან შავნაბადას მთაზე ხანძრის ლოკალიზების მიზნით, გზის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

ცეცხლის ლოკალიზაციის სამუშაოში 500-მდე მაშველი და პოლიციის ქვედანაყოფი არის ჩართული. ასევე, იმყოფებიან მოხალისე მაშველთა ჯგუფები, რომლებიც მზად არინ ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად. 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები