14 დეკემბერი 2018,   10:40
ვრცლად
20-მდე პოლიტიკური პარტია ირაკლი ჩხვირკიას გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას პეტიციით მიმართავს

პოლიტიკური მოძრაობა „ახალი საქართველოს“ წევრები პროკურატურას პეტიციით მიმართავენ. განაცხადს ხელს 20-მდე ოპოზიციური პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა აწერს.

პეტიციის ავტორები, ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული, ირაკლი ჩხვირკიას გათავისუფლებას მოითხოვენ.

ხელმომწერები აცხადებენ, რომ ირაკლი ჩხვირკია პოლიტიკური პატიმარია, რადგან მათი თქმით, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ბათუმში მომხდარ არეულობის ორგანიზატორი ირაკლი ჩხვირკია იყო.

პეტიცია საქართველოს მთავარ პროკურატურაში ცოტა ხნის წინ შევიდა.

„როგორც ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია ირაკლი ჩხვირკია არეულობის მომენტში არ იმყოფებოდა ადგილზე და არ იცნობდა პირებს, მე ვესაუბრე ადვოკატებს, ასევე ვიცნობთ საქმის შინაარსს და ამ  ერთობლიობაში გვაძლევს იმის მტკიცებულებას, რომ ირაკლი ჩხვირკია არის ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარი,“-განაცხადა ”ახალი საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ.

ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას უდანაშაულობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობაც.“ პარტია პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერია. აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ჩხვირკიას კრიტიკული დამოკიდებულების გამო სჯის.

„გამოკეტილია ციხეში პოლიტიკური მოტივებით. მის საქმეს არაფერი საერთო არ აქვს სამართლიან სასამართლოსთან და რეალურ გამოძიებასთან.  ეს არის ბრალდება, რომელიც ეფუძნება პოლიტიკურ მიზნებს იმიტომ, რომ ის არის კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ,“-აცხადებს აკაკი მინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე სამართალდამცველებმა ბათუმში მარტში მომხდარი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. მათ ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არც ერთ დაკავებული წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.  

დღის ამბები