26 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
მმართველი გუნდი მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისების შესახებ კანონში გამონაკლისების შეტანას ცდილობს

პარლამენტის დღევანდელი სხდომის დღისწესრიგის მთავარი თემა სასოფლო სამეურნეო მიწების გაყიდვაზე გამოცხადებული მორატორიუმი იქნება. კანონპროექტის მიხედვით, განსაკუთრებულ შემთხვევებში მთავრობას შეეძლება მიწა გამონაკლისის სახით უცხოელს მიყიდოს. ეს უფლება ძალაში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე დარჩება.

ინიციატივას მხარს არ უჭერს ოპოზიცია და პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ისინი თავიდანვე აფრთხილებდნენ, რომ მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისების შესახებ კანონი არაკონსტიტუციური იყო. ის აცხადებს, რომ ეს ნორმა ფერმერებს დააზარალებს, რადგან, მათ საკუთარი მიწის იპოთეკით დატვირთვისა და სესხის აღების საშუალება არ ექნებათ, იქიდან გამომდინარე, რომ ბანკების მფლობელები, ძირითადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათ მიწის ჩამორთმევის უფლება არ ექნებათ. შესაბამისად, ბანკები მსგავს გარიგებაზე არ წავლენ.

„ვაფრთხილებდით, რომ ეს კანონი იყო არაკონსტიტუციური, იყო აბსოლუტურად სულელური და პირველივე სირთულეები აღმოჩნდა ბანკებთან მიმართებაში, ბანკებში იპოთეკით დატვირთული მიწა, ფაქტობრივად, გახდა უსარგებლო. ამით გააკეთეს ის, რომ საქართველოს არცერთ ფერმერს არ ექნება შანსი, რომ მიწის დაგირავებით მიიღოს სესხი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციაში არსებულ ნორმაში კორუფციის ნიშნებსაც ხედავენ და მმართველი გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომაზე ყურადღებას ამახვილებენ.

„ამ პრობლემის შემქმნელები 2 თვეში ცდილობენ ნაწილობრივ, მაგრამ მაინც მიიღონ სხვაგვარი გადაწყვეტილება და სურთ ეს წარმოადგინონ წინ გადადგმულ ნაბიჯად,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

მმართველ გუნდში ოპოზიციის კრიტიკას „სპეკულაციას“ უწოდებენ და ფიქრობენ, რომ მათ მიერ მიღებული გამონაკლისები სისტემას უფრო მოქნილს გახდის.

„ეს არის სპეკულაციური შეფასებები ოპოზიციის მხრიდან. ჩვენი ამოცანაა, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით არ შეიზღუდოს და არ შეფერხდეს, მათ შორის საბანკო სექტორის საქმიანობა. მიგვაჩნია, რომ უფრო მოქნილი ხდება ეს მორატორიუმის ფარგლებშიც,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა გაბუნიამ.

დღის ამბები