კურიერმა ე.წ. ციანიდის საქმის გრიფით საიდუმლო მასალები მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ მამა გიორგი მამალაძეს გერმანიაში ჩასვლა პატრიარქის ოპერაციის პერიოდში მეუფე დიმიტრიმ სთხოვა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა კითხულობდა პატრიარქის ძმისშვილის მეუფე დიმიტრის და დაკავებული მღვდლის გიორგი მამალაძის მიმოწერას.
საქმეში არსებული მოკლე ტექსტური შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ 4 თებერვალს, ანუ დაკავებამდე ერთი კვირით ადრე, დღის პირველ საათზე მეუფე დიმიტრიმ მამა გიორგი მისწერა, სად იყო და რატომ დაიკარგა.
4 თებერვალს მამა გიორგი მამალაძემ მეუფე დიმიტრისგან უკვე იცოდა, რომ პატრიარქი ძალიან მძიმედ იყო და მისთვის ოპერაციის გაკეთება ჭიანურდებოდა. რვა თებერვალს კი პრესაში გამოჩნდა ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, არჩილ გამზარდიას, განცხადება, რომ პატრიარქის ლიკვიდაცია საქართველოში მისი ოპერაციის დროს იგეგმებოდა და ახლა იგივე გეგმის აღსრულებას აპირებენ უცხოეთში.
სწორედ ამ დროს, დაკავებამდე ორი დღით ადრე, მამა გიორგი მამალაძე ურეკავს საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს და ეუბნება, რომ დეტალები გასარკვევი და გამოსაძიებელია.
მამა გიორგი მამალაძეს მოსამართლემ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ დაადგინა, რომ მღვდელს ციანიდის გამოყენებით პატრიარქის მდივნის მოკვლა სურდა.
მღვდელი ამტკიცებს, რომ ციანიდის შოვნა შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა. ციანიდამდე კი შორენა თეთრუაშვილი გველის შხამს ეძებდა. ჩვენებაში, რომელიც პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა, სასამართლოს მისცა, ამტკიცებს, რომ პატრიარქის მდივანი შავი მაგიით იყო გატაცებული და ამ მიზნებისთვის გველის შხამის შოვნა მას სთხოვა.