19 დეკემბერი 2024,   06:18
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ლვოვშია - ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით უცნობია

მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე უკრაინის ქალაქ ლვოვშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი იქ გუშინ გვიან საღამოს ჩავიდა. სააკაშვილს ქალაქის მერი დახვდა. იულია ტიმოშენკოსთან ერთად, მათ ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართეს. შემდეგ კი, მერიის შენობაში გადაინაცვლეს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინული ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ლვოვის მერთან შეხვედრა გამართა.

შენობა მათ რამდენიმე საათში დატოვეს. მიხეილ სააკაშვილი მერიასთან შეკრებილ მხარდამჭერებთან გამოვიდა, თუმცა რაზე შეთანხმდნენ პოლიტიკოსები, არ დაუკონკრეტებია. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა.

„სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვაპირებდი მესაზღვრეებისთვის პასპორტის გადამეცას. შემდეგ კი, სანამ სასამართლოში ჩემს უფლებებს დავიცავდი, მეგობრებს შევხვდებოდი და ამ დროს თქვენთან ერთად გავატარებდი. მათ კი რა გააკეთეს? ხალხი აბუჩად აიგდეს, რაღაც აფეთქების შესაძლებლობის იმიტაცია შექმნეს, ე.წ. ტიტუშკები მოიყვანეს, დააშინეს მატარებლის გამცილებლები, იქ მყოფი მგზავრები, შექმნეს ხელოვნური რიგი საზღვარზე. უკრაინელმა ხალხმა იცის, როგორ დაიცვას თავისი უფლებები. მე მზად ვარ, უკრაინას სიცოცხლე შევწირო, რადგან თუ ის შედგება როგორც სახელმწიფო, ის ნამდვილი ევროპული ქვეყანა იქნება," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ადგილზე მისულ მხარდამჭერებს მიმართა უკრაინის პარტია ”ბატკივშჩინას” ლიდერმაც.

"ჩვენ მხოლოდ ერთად, ყველა ჯანსაღი პატრიოტული ძალების გაერთიანებით შევძლებთ ყველაფრის შეცვლას ჩვენს ქვეყანაში. უდაოა, რომ ქვეყნის სათავეში კორუმპირებული დიქტატორი მოვიდა, თუმცა არავის მიუცია მისთვის უფლება აბუჩად აიგდოს ხალხი. ჩვენი საზოგადოება ძლიერია და არა ერთხელ მოუპოვებია გამარჯვება. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ახლაც სწორედ ასე მოხდება," - აღნიშნა იულია ტიმოშენკომ. 

დღის ამბები