19 აპრილი 2024,   21:05
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიცია დოკუმენტის ერთობლივ ვერსიას ორშაბათს წარადგენს

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის კონსტიტუციასთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავარ საკითხებზე შეთანხმება შედგა და ქვეყნის მთავარ კანონთან დაკავშირებული წინადადებები დოკუმენტის სახით, მმართველ გუნდს უახლოეს მომავალში გადაეცემა.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსტიტუციის ირგვლივ შეჯერებულ ვერსიას მმართველ გუნდს წარუდგენენ.

„დღეს ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა არსებით საკითხზე შევთანხმდით და მაქსიმალურად ხელშეუხებელი დავტოვეთ „ოცნებისეული“ ვარიანტი, იმისთვის, რომ შეიქმნას კონსენსუსი,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს უნდა გაუწიოს ანგარიში.

„ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოფილი იქნას კონსტიტუციის დონეზე არჩევნების მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

 „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე აღნიშნავს, რომ შეხვედრის დროს კონსტიტუციის ირგვლივ გახმოვანებული აზრების შეჯერების შედეგად შედგება დოკუმენტი, რომელიც მმართველ გუნდს წარედგინება.

„ამ დოკუმენტში ყველა პუნქტი იქნება ყველას მიერ მისაღები. თუ რაიმე იყო მიუღებელი, ის პუნქტები ჩვენ გვერდით გავწიეთ, რათა აბსოლუტური კონსენსუსის მადემონსტრირებელი დოკუმენტი შეგვექმნა,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები