ყოფილ თანაგუნდელებს თამაზ მეჭიაურსა და ზაქარია ქუცნაშვილს შორის თიანეთში დაპირისპირება მოხდა. თიანეთში თამაზ მეჭიაური მერობას აპირებს. დაპირისპირება კი, ამომრჩეველთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ქუცნაშვილის განცხადებამ გამოიწვია, სადაც მან მერობის კანდიდატს „კაპოტზე მოქეიფე“ უწოდა. ამით განაწყენებული ყოფილი თანაგუნდელი, მაჟორიტარი დეპუტატის გავლენებსა და წილებზე ღიად ალაპარაკდა.
მეჭიაურის თქმით, ქუცნაშვილს თიანეთში რესტორანი აქვს, თუმცა, თავად ქუცნაშვილი ბრალდებებს არ პასუხობს. უმრავლესობის წევრის ერთ-ერთი მეწილე კი ადასტურებს, რომ რესტორან „ერწოს იდილიაში“ ზაქარია ქუცნაშვილი 70 პროცენტს ფლობს.
თიანეთის მერობის კანდიდატი ყოფილ თანაგუნდელს რაიონის ფაქტობრივ მმართველობაშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ დეპუტატი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში უხეშად ერევა და თითქმის ყველა სფეროს აკონტროლებს.
მეჭიაური მაჟორიტარი დეპუტატის პირად ინტერესებზეც მიუთითებს, მათ შორის ტენდერებთან მის შესაძლო კავშირზე.
რაიონში არსებულ პრობლემებზე საუბარს არც საკრებულოში ერიდებიან. ადგილობრივი თვითმმართველობის ხარვეზებს, მმართველი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, საკრებულოს თავმჯდომარე ადასტურებს.
ხელისუფლების მუშაობით განაწყენებული ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს თამაზ მეჭიაურს, რომელიც თიანეთის მერის არჩევნებში გამარჯვებას პირველივე ტურში აპირებს. ის კენჭს საკუთარი პარტიიდან იყრის, რომელიც მმართველი გუნდიდან წამოსვლის შემდეგ დააფუძნა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.