26 აპრილი 2024,   16:23
ვრცლად
პრეზიდენტისა და ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებების ერთობლივი დოკუმენტი მმართველ გუნდსა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნა

საკონსტიტუციო ცვლილებების ერთობლივი დოკუმენტი, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, „ქართულ ოცნებას“ და ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.

პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ მმართველი გუნდი ერთობლივ დოკუმენტში აღნიშნულ შენიშვნებს გაითვალისწინებს.

„ქართულ ოცნებაში“ კი თვლიან, რომ პრეზიდენტისა და ოპოზიციის ნაბიჯი სასოწარკვეთილია და მიუღებლად მიაჩნიათ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდის გარეშე მსჯელობა.

გიორგი მარგველაშვილი და 20 ოპოზიციური პარტია შეთანხმდნენ, რომ 2020 წელს ქვეყანა პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გადავიდეს, ამასთან ერთად, არსებობდეს მანდატების სამართლიანი გადანაწილების პრინციპი, ბარიერმა 3%-მდე დაიწიოს და პარტიებს ბლოკების შექმნის უფლება შეუნარჩუნდეთ. მათთვის ასევე მნიშვნელოვანი საკითხებია: პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და უშიშროების საბჭოს შენარჩუნება.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ თუ "ქართული ოცნება" მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს კონსენსუსის გარეშე მიიღებს, ის პოლიტიკურ კრიზისზე იქნება პასუხისმგებელი.

მმართველი პარტია ამ მონაცემებით ვენეციის კომისიის დასკვნას ელის და 26 სექტემბერს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას ისე გეგმავს, რომ კონსენსუსის შესაძლებლობას ამოწურულად მიიჩნევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები