18 მაისი 2024,   19:42
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობოები პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს სფეროს ექსპერტები. კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნის მთავარი კანონის არსებული სახით მიღება, აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს.

„პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს ვეტო და წინა სამზადისი ამის უკვე იყო, რადგან პრეზიდენტი შეხვდა ოპოზიციას და მომზადდა რაღაც პროექტი. უმრავლესობას გააჩნია საკონსტიტუციო უმრავლესობა, აქედან გამომდინარე, მას აქვს შესაძლებლობა, უარი თქვას მოსაზრებების გაზიარებაზე, რაც ჩემი აზრით, სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს, იმიტომ, რომ ვენეციის კომისიას ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა, რაც აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა. პირველ რიგში, ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა, რაც ალბათ აქილევსის ქუსლია ჩვენი ამ პროექტისა,“ - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახო ჟვანია.

არასამთავრობო სექტორში მთავარ პრობლემურ საკითხად კვლავ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას ასახელებენ.

პრეზიდენტის უარის მიუხედავად, დეპუტატები რიგგარეშე სესიაზე დღეს მაინც შეიკრიბებიან და კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით კენჭს უყრიან. სხდომა ქუთაისში 14:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

ამავე თემაზე
დღის ამბები