18 მაისი 2024,   21:45
ვრცლად
კახა კალაძის მიერ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება - ოპოზიცია ცესკოს და უწყებათაშორის კომისიას მიმართავს 

საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფაქტზე რეაგირებას ითხოვს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და უწყებათაშორის კომისიის მიმართოს.

„ბევრი ფაქტი დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების, თუმცა არანაირი რეალური რეაგირება არ არის სხვადასხვა უწყებებიდან, თუმცა ჩვენ მაინც იმიტომ, რომ პატივს ვცემთ დემოკრატიულ პროცესს და ინსტიტუტებს, მივმართავთ სხვადასხვა უწყებებს, მათ შორის ცესკოს, უწყებათაშორის კომისიას, მაგრამ სამწუხაროდ, არ მაქვს იმის იმედი, რომ წულუკიანი რაიმეს გააკეთებს იმისთვის, რომ მართლაც სამართლიანი გარემო იყოს,“ - განაცხადა „ენმ“-ის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.

მომხდარ ფაქტებზე რეაგირებას ითხოვს „ევროპული საქართველოც“.

„უტიფრად გრძელდება საარჩევნო კამპანიების წარმართვა ადმინისტრაციული რესურსის მონაწილეობით. გვინდა მივმართოთ, როგორც უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობას, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ეს ფაქტები უკვე აღარ არის დაფარული, ისინი ღიად დემონსტრირებენ,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი მარიამ რამინაშვილი.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების კონკრეტული ფაქტების დამადასტურებელი მასალა „კურიერმა“ მოიპოვა. კვირას, კალაძესთან შეხვედრაზე, ბელიაშვილის ქუჩაზე, სხვადასხვა საბავშვო ბაღებს თანამშრომლები, ავტობუსებით წაიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები