19 მაისი 2024,   11:29
ვრცლად
კონსტიტუციის ახალი პროექტი - კანონმდებლები პრეზიდენტის ვეტოს ელოდებიან

პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკონსტიტუციო პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნილია. მოაწერს გიორგი მარგველაშვილი მას ხელს თუ ვეტოს დაადებს - გადაწყვეტილების მიღებისთვის პრეზიდენტს ათ-დღიანი ვადა აქვს.

დიდი ალბათობით მარგველაშვილი ვეტოს გამოიყენებს და მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტს მიაწვდის. საპარლამენტო უმრავლესობა დამტკიცებულ პროექტს მნიშვნელოვან პროგრესად მიიჩნევს.

„ვეტოს ველოდებით, სავარაუდოდ ასე იქნება. ვერ გეტყვით ზუსტად, თუმცა ამისი ლეგიტიმური მოლოდინი გვაქვს,“-აცხადებს დავით მათიკაშვილი.

რადიკალურად განსხვავებულია ოპოზიციის აზრი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა კონსტიტუცია ძალმომრეობით, ერთპარტიულად მიიღო.

„იმედი მაქვს რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ ძალმომრეობით, ხელის გადაგრეხვით, ერთპარტიულად  მიღებულ კონსტიტუციას, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და არ ასახავს ჩვენი მოსახლეობის ნებას. არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესზე მორგებული,“-განაცხადა „ენმ“-ს წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.

საქართველოს პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს „ევროპული საქართველოც.“

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს ვეტო, უნდა გავიაროთ ყველა სამართლებრივი, პოლიტიკური გზა იმისათვის, რომ არ დავუშვათ ჩვენი დემოკრატიის მთლიანად განადგურება „ქართული ოცნების“  მიერ,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მომხდარს "facebook"-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი. "ესენი არჩევნებით წასვლას არ აპირებენ, წასვლა მაინც მოუწევთ. როგორც კი წავლენ, მაშინვე აღვადგენთ კონსტიტუციურ წონასწორობას!" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ქვეყნის მთავარი კანონი საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ პარლამენტსა და შენობის გარეთ მიმდინარე პროტესტის ფონზე დაამტკიცა.

დღის ამბები