17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
ვეტო ან გადადგომა - არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება

პოლიტიკური პარტიები გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად ემზადებიან. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონკრეტული წინადადებებით მიდიან. „ლეიბორისტული პარტიის" წევრები გიორგი მარგველაშვილს სთხოვენ გადადგეს, ქვეყანაში კრიზისი შეიქმნას და საკონსტიტუციო ცვლილებებში საზოგადოების აზრი იქნას გათვალისწინებული.

„პრეზიდენტი არა მარტო უნდა შეხვდეს მათ და დემოკრატიის, სუვერენიტეტის და ხალხის უფლებების მსოფლო პრინციპებზე პატარა ლექცია კიდევ ერთხელ წაუკითხოს, არამედ თუ საჭირო გახდება, დაკავებული პოსტიდან უნდა გადადგეს, შექმნას პოლიტიკური კრიზისი, მთელი მსოფლიო აალაპარაკოს, ხალხს ქუჩაში დაუძახოს, ამით ის საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა. სხვა შემთხვევაში შევა, როგორც ხალხის მიერ პრეზიდენტის არჩევის ინსტიტუტის დამსამარებელი,“ - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

„საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში“ მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, პრეზიდენტის კეთილგანწყობა მოიპოვოს, რათა ვენეციის კომისიასთან ურთიერთობები მოაგვაროს.

„უმრავლესობა თავისი გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად ცდილობს, პრეზიდენტი დაკეროს, რომ უმრავლესობა ჩიხური სიტუაციიდან გამოვიდეს,“- განაცხადა „საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პრინციპულობა.

„პრეზიდენტმა ყველა ფორმატზე თანხმობა რომ განაცხადოს, უმრავლესობა მაინც არ შეხვდება პრეზიდენტს, რათა არანაირი მოლაპარაკების სურვილი არ აქვს. გიორგი მარგველაშვილი ამ პროცესში თავიდან ბოლომდე იყო ჩართული, ზუსტად იცის ამ კონსტიტუციის ყველა ხარვეზი და პრობლემური საკითხი და ამიტომ, ზედმიწევნით ზუსტად დაადებს კონსტიტუციურ პროექტს ვეტოს,“ - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ. 

დღის ამბები