„ეს იყო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, კითხვები დაგვესვა, ამომწურავად მიგვეღო პასუხები. ქართული ოცნება ცდილობდა, სასწრაფო წესით მიეღო ორივე საკითხზე გადაწყვეტილება,“ - ასე გამოეხმაურა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საკრებულოს გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, შორენა ბუხრაშვილი.
შენების მოძრაობის წევრმა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის შესახებ ილაპარაკა.
"ქართულ ოცნებას ეშინია, რომ უმრავლესობით ვერ მოვა ხელისუფლებაში. თბილისის მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორც პარლამენტში დაუბალანსებელია სიტუაცია, ისეთი სიტუაცია არ შეიქმნას თბილისის საკრებულოში და ისინი დაჩქარებულად, ხელის გადაგრეხვით ცდილობდნენ, მიეღოთ გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ბუხრაშვილმა.
მწვავე პროტესტის მიუხედავად, თბილისის საკრებულომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ თაბორის მთაზე 4700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლა და მისი 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ თაბორი რიზორთსმა მოითხოვა, რომელიც პანორამა თბილისს აშენებს.
ამავე კომპანიამ საკრებულოს მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით, პუშკინის სკვერსა და ხელოვნების მუზეუმს შორის მდებარე 1900 კვადრატული მეტრი ფართობის 1 ლარად გადაცემის თხოვნით მიმართა. თბილისის საკრებულომ ამ ტერიტორიასაც შეუცვალა სტატუსი და ის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში აღმოჩნდება.