19 მაისი 2024,   05:35
ვრცლად
„ჩვენ დღეს ვეუბნებით არას ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას" - "ენმ" აქციისთვის ემზადება

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს მიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის ფაქტს დღეს თბილისის მერიასთან გააპროტესტებს. „ნაციონალური მოძრაობა“ აქციის გამართვას 14:00 საათზე გეგმავს. ოპოზიციური პარტია საკრებულოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, რომლითაც თაბორის მთაზე და პუშკინის სკვერთან მიწის 2 ნაკვეთს სტატუსი შეეცვალა და ერთ ლარად ბიძინა ივანიშვილს გადაეცა.

აქციის მონაწილეების მთავრი მოთხოვნა იქნება, რომ ამჯერად უკვე თბილისის მერიამ არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმ ტერიტორიების გასხვისების თაობაზე, რომლებსაც საკრებულომ გასულ კვირას ზონის სტატუსი შეუცვალა. 

საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ გასხვისების თაობაზე მერიამ უნდა მოამზადოს დოკუმენტი და დამტკიცებისთვის ისევ საკრებულოს გადაუგზავნოს. 

„ენმ“-ის თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას საკრებულოს გადაწყვეტილების გაპროტესტებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ დღეს ვეუბნებით არას ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას და იმ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, რომელიც თბილისის საკრებულოს სამარცხვინო უმრავლესობამ მიიღო, რამდენიმე დღის წინ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თბილისის ცენტრში, თბილისის გულში, პუშკინის სკვერში, ერთ ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ტერიტორია და თაბორის მთაზე მდებარე სარეკრეაციო ზონა. ეს განუკითხაობა თბილისში უნდა დასრულდეს,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.  

ამავე თემაზე
დღის ამბები