26 აპრილი 2024,   10:29
ვრცლად
თამარ ჩუგოშვილი "პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტს აკრიტიკებს

„ჩემთვის ნებისმიერი ასეთი კომუნიკაცია არის მიუღებელი,“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრების მოსკოვში ვიზიტს.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრები გუშინ მოსკოვში გაემგზავრნენ და დუმის წევრებთან შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი. 5 დღის განმავლობაში ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე გამართავენ.

თამარ ჩუგოშვილისთვის ქართველების ეთნიკური დევნის დროს ოკუპანტ ქვეყანასთან დიალოგი გაუგებარია.

„არცერთ შემთხვევაში არ მგონია, რომ ასეთი შეხვედრები ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს, მითუმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც ასე მძიმდება ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეთნიკური წმენდა, ეთნიკური დევნა და დისკრიმინაცია ხდება ქართველების. რა ტიპის შეხვედრაზე იყოს საერთოდ ლაპარაკი, ჩემთვის სრულიად გაუგებარია,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ეს პარტიის მოსკოვში უკვე მეორე ვიზიტია. პატრიოტთა ალიანსი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და ახალი - საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის ამოქმედებას ითხოვს.

დღის ამბები