ბიზნესმენი, რომლის გატაცებასაც დღეს ბაგებში დაკავებული პირები გეგმავდნენ, „კურიერის“ ინფორმაციით, სამშენებლო ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მფლობელი, გია გორგოშაძეა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები სამშენებლო ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დამფუძნებლის გია გორგოშაძის გატაცებას, თანხის გამოძალვის მიზნით გეგმავდნენ.
სწორედ ამ მიზნით, დაკავებულებმა იქირავეს სახლი გორგოშაძის საცხოვრებელ კორპუსში და გამოძიების ინფორმაციით, ხდებოდა გორგოშაძის მიმართ თვალთვალი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულების ჰქონდათ რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე ნიღბები, წებოვანი ლენტი და ე.წ. პარიკი.
თავად გია გორგოშაძე მედიასთან კონტაქტზე უარს აცხადებს, თუმცა „კურიერმა“ სამშენებლო ჰიპერმარკეტ „გორგიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან გასაუბრება შეძლო. მისი განცხადებით, გია გორგოშაძესთან მას პირადი კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ოჯახი გატაცების მზადების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ არც შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„ეს ფაქტი მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ბატონი გია ჩვეულებრივად აგრძელებს თავის საქმიანობას და ჩვენ ვხსნით კიდევ ორ ფილიალს და ვმუშაობთ ამ პროექტებზე და გვყავს ძალიან ბევრი უცხოელი პარტნიორი ახლა ჩამოყვანილი.
"მე მქონდა ბატონ გიას ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და ეს რასაც თქვენ ამბობთ, რომ ბატონი გიას გატაცება ხდებოდაო, სიმართლეს არ შეესაბამება,“-განაცხადა მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ინფორმაციას არ ადასტურებს არც "გორგიას" კომერციული დირექტორი. მიშა ავალიანის თქმით, მათთვის გავრცელებული ინფორმაცია შოკისმომგვრელია.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე გუშინ გვიან ღამით ჩატარდა. ის რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაკავებულია ოთხი პირი.
თვითმხილველთა განცხადებით, სამართალდამცველები სამძებრო ღონისძიებების დროს რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კარია დაზიანებული. ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ბინა, საიდანაც ოთხი დაკავებული აიყვანეს 4 კვირის წინ გაქირავდა.
დაკავებულები ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ.