19 ოქტომბერი 2017,   12:47
ვრცლად
„გორგიას“ მფლობელის გატაცების დაგეგმვა და ჩხრეკა ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის ბინაში

კომპანია „გორგიას“ მფლობელის ყოფილი მეუღლის სახლში მთელი ღამის განმავლობაში ჩხრეკა მიმდინარეობდა. „კურიერის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნინო დარსალიას ბინიდან მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერები წაიღეს. დაკითხეს ბიზნესმენის ყოფილი ცოლი.

სამართალდამცველები ნინო დარსალიათი მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც გაირკვა, რომ ოთხკაციანი ჯგუფი კომპანია „გორგიას“ მფლობელის, გია გორგოშაძის გატაცებას და მისთვის ხუთი მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდა.

უკვე წლებია, ყოფილ მეუღლეს „გორგიას“ მფლობელთან დავა აქვს. გია გორგოშაძეს ნინო დარსალიამ თბილისის პროკურატურაშიც უჩივლა და ქონების ნაწილს სთხოვს.

ქვეყნის ერთ ერთი მდიდარი ბიზნესმენის გატაცების ორგანიზების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიან ღამით ოთხი პირი დააკავა. სპეცოპერაცია ბაგებში იმ საცხოვრებელ კორპუსში ჩაატარა, სადაც თავად ბიზნესმენი ცხოვრობს.

„კურიერს“ უყვებიან, რომ სამართალდამცველების სპეცოპერაციამ პანიკა გამოიწვია, პოლიციას შეეშალა, სახლი სადაც სავარაუდო დამნაშავეები იმყოფებოდნენ და ამიტომ, ორი სხვა ბინის კარი შეამტვრიეს.

„კურიერისთვის“ ცნობილი გახდა ოთხივე დაკავებულის ვინაობა, მათ შორის ერთი ვასილ ვასილიადი საქართველოს მოქალაქე არ არის, დანარჩენი სამი - თამაზ მენთეშაშვილი, გურამ დგებუაძე და დავით ფოცხიშვილი კი ქვეყნის მოქალაქეები არიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები