19 დეკემბერი 2024,   14:00
ვრცლად
აფხაზეთში დაღუპული გმირების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დილიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. აფხაზეთში დაღუპულ გმირებს ხელისფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.

„მათი საფლავები აქამდე არ იყო ცნობილი და ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ამის მოძიებისთვის და იმ ნებართვისთვის, რომ მათი იდენტიფიცირება და გადმოსვენება მომხდარიყო. დღეს უკვე შესაძლებლობა ექნებათ არა მხოლოდ ოჯახებს, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა მივიდეს და სანთელი დაანთოს ამ გმირების საფლავებთან,“ - განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების პანაშვიდზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც იმყოფებოდა.

„ასეთი ადამიანის მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამოქალაქო პანაშვიდზე ოპოზიციის წევრებიც მივიდნენ. 

„ჩვენი ვალი ამ ადამიანების სახელების აფხაზეთში, სამაჩაბლოში დაღუპული თითოეული ადამიანის მიმართ გადახდილი გვექნება მაშინ, როდესაც მშვიდობიანად, პოლიტიკურად, მაგრამ აუცილებლად დავიბრუნებთ იმ სოხუმს, ცხინვალს, რომლის დასაცავად ამდენმა გმირმა თავი შესწირა,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

აფხაზეთიდან თბილისში სულ 25 პირი გადმოასვენეს, მათ შორის არის სოხუმის ყოფილი მერი, გურამ გაბესკირია და უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია. ისინი პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე უკვე წარუდგინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები