17 მაისი 2024,   15:28
ვრცლად
13 მილიონი ლარის შემოწირულობიდან 11 მილიონზე მეტი "ქართულმა ოცნებამ" მიიღო - აუდიტის სამსახურის ანგარიში 

ვინ რამდენი შემოწირულობა მიიღო წინასაარჩევნოდ - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში, აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა გაავრცელა.

დოკუმენტის მიხედვით, პირველი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში თითქმის 13 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღეს. აქედან მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ 11 მილიონნახევარზე მეტი მოდის.

მილიონ ლარამდე აქვს შემოწირული „ევროპულ საქართველოს“ - სიაში რიგით მესამე - თითქმის ასი ათასი ლარით - „ნაციონალური მოძრაობაა.“ გაცილებით მოკრძალებულია დანარჩენი პარტიებისთვის შეწირული თანხა.

დამატებითი კითხვების არსებობის გამო, გამოკითხვაზეა დაბარებული 31 შემომწირველი პირი. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კანონი არ დარღვეულა.

„შემოწირულობების ოდენობა განსხვავდება, ჩვეულებრივი ამბავია თუკი არ არის კანონდარღვევა და კანონდარღვევა ნამდვილად არ არის,“-აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობს ოპოზიცია.

„ეს 12 მილიონი არის ის ფული, რომელიც ხელისუფლებამ უკანონო ტენდერებით გაასესხა. ეს არის ნაწილი ბიზნესმენების, რომლებსაც ისინი უბრალოდ ამ ფულს ართმევენ, ჩვეულებრივი გამოძალვაა სამთავრობო. ეს არის პოლიტიკური კორუფციის უმარტივესი, პრიმიტიული სქემა, რომელიც ჩვენთან ჯერ კიდევ მუშაობს,“-აცხადებს „ენმ“-ს წევრი ნიკა რურუა.

ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის სრულ გამოყენებაზე საუბრობს „ევროპული საქართველო“. პარტიაში შემოწირულობების ოდენობაზეც კეთდება აქცენტი.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ეს სურათი არ იცვლება და ყოველთვის ხელისუფლება გაცილებით უფრო უპირატეს მდგომარეობაშია ფინანსური თვალსაზრისით ნებისმიერი არჩევნების წინ ვიდრე ოპოზიცია და ეს რა თქმა უნდა მიუთითებს არათანაბარ საარჩევნო გარემოზე,“-ამბობს გიორგი ტუღუში.

დღის ამბები