დუშეთში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დუშეთში დაახლოებით ნახევარი საათის წინ დასრულდა დაზარალებული ორი პირის გამოკითხვა. არასამთავრობო ორგანიზიაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენლები გამომძიებელების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ.
განყოფილებიდან გამოსულების თქმით, თავდამსხმელები მათთვის უცნობი პირები იყვნენ. მახარე სისაური პირად დაპირისპირებასაც არ გამორიცხავს.
„ბევრნაირი ვერსია აქვს გამოძიებას და ბევრნაირი ვერსია მაქვს მე, ბევრნაირი არსებობს ეჭვიც,“ - განაცხადა სისაურმა.
მეორე დაზარალებული კი, დაშინების მცდელობის ვერსიაზე საუბრობს.
„ვიღაცას ეტყობა მოუნდა ასე, რომ შევეშინებინეთ, თორემ რაღაც რომ დომებოდა, აუცილებლად შეასრულებდა,“ - აცხადებს რამაზ ღვალაძე.
გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს. მომხდარის ვერსიებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე არ საუბრობს.
თავდასხმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე მოხდა, რომლებიც თიანეთში საარჩევნო პროცესებს ესწრებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ მეჭიაურის შტაბიდან გასვლის შემდეგ მახარე სისაურსა და რამაზ ღვალაძეს უცნობმა პირებმა ჟინვალის ტერიტორიაზე მანქანის გაჩერება მოსთხოვეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი, მანქანას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.