30 აპრილი 2024,   18:19
ვრცლად
ჩემი უფროსის მხრიდან სექსუალური ხასიათის ურთიერთობაზე მოთხოვნა მქონდა, ეს დიდი ტრავმაა - თათია სამხარაძე

„ჩემი უფროსის მხრიდან სექსუალური ხასიათის ურთიერთობაზე მოთხოვნა მქონდა,“ - ამის შესახებ იმედის ყოფილმა ჟურნალისტმა, თათია სამხარაძემ, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საუბრისას განაცხადა.

მან შალვა რამიშვილმა სექსუალურ შევიწროებაში ღიად დასდო ბრალი და სამსახური დატოვა.

„როდესაც მე ამაზე ხმამაღლა დავიწყე საუბარი, საზოგადოება ჩემს მიმართ რადიკალურად კრიტიკული იყო. ჩემი უფროსის მხრიდან  სექსუალური ხასიათის ურთიერთობაზე მოთხოვნა მე პირდაპირ მქონდა. ეს არის დიდი ტრავმა ქალისთვის, ძალიან დამამცირებელი. სხვადასხვა სახის მანიპულაციები იყო. ყოველ შესაძლებლობაზე მე ამას ვხედავდი, მინიშნებები მქონდა ამ საკითხზე, სხვა შესაძლებლობა აღარ დამიტოვა, რომ წამოვსულიყავი სამსახურიდან,“ - განაცხადა თათია სამხარაძემ.

მისი თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ შალვა რამიშვილი სხვა გოგონების მიმართაც ახდენდა სექსუალურ შევიწროებას.

„ჩემ მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე მქონდა ინფორმაცია, რომ ის ასეთი ტიპის შეთავაზებას უკეთებდა გოგონებს. პირად საუბრებში ეს გოგინები მიკავშირდებოდნენ. ჩემი სახელი ამ გოგონებთან ჟღერდებოდა და ის ეუბნებოდა, რომ მე ტელევიზიაში ეს გზა გავიარე. შენ თუ გინდა ეკრანზე მოხვდე, ეს გზა უნდა გაიარო. მესიჯი კარგად მუშაობდა, როგორც ჩანს, ქალებს, რომლებიც პირად საუბრებში მიკავშირდებოდნენ, ამის სჯეროდათ. ერთ-ერთი მიზეზი ესაც გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო და ეს ამბავი საჯაროდ გამომეტანა,“ - აღნიშნა თათია სამხარაძემ. 

მისივე შეფასებით, ტელეკომპანია იმედმა "მოძალადეც მოიშორა და მსხვერპლიც, რაც დიდი უსამართლობა იყო". 

დღის ამბები