19 მაისი 2024,   04:58
ვრცლად
ხარვეზმა აქციზის შესახებ კანონში ქვეყანა ბოლო 9 თვეში 50 მილიონით აზარალა - სპეციალისტები

ეკონომისტები მთავრობას აქციზის შესახებ კანონის შეცვლისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ხარვეზმა, რომელიც სიგარეტის აქციზის საფასურს არეგულირებს, ქვეყნის ბიუჯეტი ბოლო 9 თვეში 50 მილიონით აზარალა.

საქმე იმაშია, რომ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები მოგების გასაზრდელად ფილტრიან სიგარეტს ორ ნაწილად ყიდიან. ამის მიზეზი კი, სიგარეტის აქციზის საფასურია, რადგან უფილტრო სიგარეტი ნაკლებ ფასად იბეგრება. შესაბამისად, რეალიზაციის დროს უფილტრო სიგარეტს თან მოყვება ფილტრი, რომელშიც მომხმარებლები ცალკე თანხას იხდიან.

ეს მწარმოებლების ახალი ხრიკია, იმისთვის რომ ნაკლები თანხა დახარჯონ და მეტი მოიგონ. ბიუჯეტში კი, მხოლოდ უფილტრო სიგარეტზე დაწესებულ გადასახადს იხდიან.

მთავრობა ათეულობით მილიონიან ზარალს აღიარებს, მაგრამ საკანონმდებლო ხარვეზის გამოსასწორებლად ამ დრომდე არაფერს აკეთებს.

სპეციალისტები ეჭვობენ, რომ შესაბამისი უწყებები კონკრეტულ ბიზნესმენებს ლობირებენ, მათ შორის მათ, ვინც უფილტრო სიგარეტს აწარმოებს. ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი "ომეგა ჯგუფია", რომლის მფლობელი ”პატრიოტთა ალიანსის” სიით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზაზა ოქუაშვილია.

ის ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. მისი მეუღლე კი, რომელიც ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი და პარლამენტის დეპუტატია, პოლიტიკურ გავლენას მეუღლის ბიზნესინტერესების დასაცავად, გამორიცხავს.

დღის ამბები