23 დეკემბერი 2024,   09:47
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - საკანონმდებლო პაკეტზე დღეს იმსჯელებენ

ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელებენ დღეს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე. ჯანდაცვის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საკუთარ მოსაზრებას წარმოადგენენ უცხოელი ექსპერტებიც.

„ეს არ გულისხმობს იმას, რომ ან ნარკოტიკების ლეგალიზებას ან რაღაც ასეთი ფორმით გატარებას ან წახალისებას. საუბარია იმაზე, რომ მოხმარება არ უნდა იყოს საპატიმრო სასჯელით დასჯადი, რჩება აკრძალული, რჩება ადმინისტრაციული წესით დასჯადი. ციხე არ უნდა იყოს რეაბილიტაციის საშუალება ნარკოდამოკიდებული ადამიანისათვის,“-განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

პაკეტის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, სიახლე მიზნად ისახავს ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღებას, რომლის ფარგლებშიც რეპრესიული სისხლის სამართლებრივი მექანიზმების ნაცვლად, აქცენტი მკურნალობაზე, რეაბილიტაციასა და პრევენციაზე გაკეთდება. კანონპროექტი „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მიერ მომზადდა.

„პარლამენტი დგება საბოლოო ჯამში იმ გადაწყვეტილების წინაში, მიიღოს თუ არა შეთავაზებული რეფორმა, რომელიც ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ მოამზადა და რომელიც გულისხმობს სრულ დეკრიმინალიზაციას ნარკოტიკების მოხმარების,“-აცხადებს მოძრაობა ”თეთრი ხმაურის” აქტივისტი დავით სუბელიანი.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიცია და მმართველ გუნდს ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებისკენ მოუწოდებს.

„ნარკოპოლიტიკა არის შესაცვლელი, დიდი ხანია ამაზე ვლაპარაკობთ და კონკრეტული გადაწყვეტილებებია საჭირო,-ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი.

„ქართული ოცნების“ მრრიდან ჰუმანური ნაბიჯების გადადგმას არ ელოდება „ნაციონალური მოძრაობა.“

 „რეპრესიული ნარკოპოლიტიკა „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების გახანგრძლივების ერთ-ერთი საშუალება არის. მე ეჭვი მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ეყოფა გამჭრიახობა და რომელსაც ეყოფა გამბედაობა იმისა, რომ გადადგას ჰუმანური ნაბიჯები,“-აცხადებს  ენმ-ს წევრი კოტე იოსელიანი.

დღის ამბები