22 დეკემბერი 2024,   16:54
ვრცლად
ხარაგაულში 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს 

ხარაგაულში 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრების განცხადებით, მასზე ბოლო პერიოდში პოლიციის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.

ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილს ემუქრებოდნენ და თანამშრომლობას აიძულებდნენ.

გარდაცვლილის და ამბობს, რომ მის ძმაზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მისივე თქმით, ამირან კვირიკაშვილი ხარაგაულის პოლიციის განყოფილებაში  სამჯერ დაიბარეს, მისი დაკითხვა კი დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კითხვები კი ოჯახის საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

გარდაცვლილის და ამბობს, რომ სამართალდამცველებმა დაკითხეს ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის პირი, რომელიც ფსიქიკურად გაუწონასწორებელია.  

„პირადად მე მითხრა, ან თავი უნდა მოვიკლა, ან ეგენი უნდა მოვკლაო. ისეთი იყო, რომ მათ ვერაფერს დაუშავებდა ისევ დაუშავა მის თავს. ერთადერთი ჩემი მოთხოვნაა რომ არ ვნახო ჩემს ჭიშკართან არანაირი პოლიცია და მეორე, ჩემს ძმას, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის აწერინებენ რაღაც საბუთზე ხელს უმშობლოდ, ამოიღონ ის საბუთი და მაჩვენონ რაზე მოაწერინეს ხელი. დამთავრდეს ჩემი ძმების შეწუხება, რომლებიც ჯართს აგროვებენ და ისე ჭამენ პურს,“-აცხადებს გარდაცვლილის და.

მომხდარის მიზეზებზე ვერ საუბრობენ გარდაცვლილი მამაკაცის მეზობლები. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ინფორმაცია არ აქვთ.

ოჯახის წევრების ბრალდებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.  უწყებაში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები