19 მაისი 2024,   07:14
ვრცლად
სჯობს გარემოს დაცვის სამინისტრო მაინც ცალკე იყოს - გიორგი გაჩეჩილაძე

„სჯობია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო მაინც ცალკე იყოს,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას გააკეთა. სამთავრობო ცვლილებები დღეს პრემიერმინისტრმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც 4 სამინისტრო უქმდება.

გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ სტრუქტურული ცვლილებების პარლამენტში წარდგენის შემდეგ ისინი გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით სხვა ვარიანტსაც შეთავაზებენ. თუმცა, გაჩეჩილაძე განმარტავს, რომ აღნიშნულ ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

„მთავარი ის გახლავთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო იქნება შენარჩუნებული თავისი ფუნქციებით, ზედამხედველობისა და კონტროლის ფუნქციებით. ის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო უერთდება გარემოს დაცვას, ესეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, თუმცა მაინც სჯობია, რომ გარემოს დაცვა, როგორც სტრატეგიული მიმართულება ქვეყნისთვის, გარემოს დაცვის სამინისტრო მაინც ცალკე იყოს,“ - აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.

გიორგი კახიანი აღნიშნავს, რომ ცვლილებებით მმართველობა უფრო ეფექტური გახდება.

„ეს ასევე, დაუკავშირდება ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას. ამიტომ, მთლიანობაში, ყოველივე ამის გათვალისწინებით, ეს ცვლილებები არის ძალიან პოზიტიური,“ - აცხადებს გიორგი კახიანი.

კახიანის თქმით, პრეზიდენტის მონაწილეობა სამთავრობო ცვლილებების დროს ფორმალურია.

„ეს არის მთლიანად პრემიერმინისტრის პრეროგატივა. პრეზიდენტის უფლება და ვალდებულება არის, რომ ერთი კვირის განმავლობაში შესაბამისი შემადგენლობა წარუდგინოს პარლამენტს,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დღის ამბები