15 დეკემბერი 2017,   23:59
ვრცლად
ბორანი, რომელზეც, გავრცელებული ვერსიით, დეპორტირებული ქართველები იმყოფებიან, ფოთის პორტში შემოვიდა

რამდენიმე საათია, კიევიდან დეპორტირებული რუსთავი2-ის ოპერატორის, თამაზ შავშიშვილის, ოჯახის წევრები ფოთის პორტში იმყოფებიან. ისინი უკრაინიდან წამოსულ ბორანს ელოდებიან, რომელიც ფოთის პორტში რამდენიმე წუთის წინ შემოვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ გემს გადმოჰყავს თამაზ შავშიშვილთან ერთად უკრაინიდან გამოძევებული კიდევ 8 ქართველი. თუმცა, ამ დრომდე არც ერთ მგზავრს არ დაუტოვებია ბორანი. შესაბამისად, უცნობია, არიან თუ არა გემზე დეპორტირებული ქართველები. 

„ღმერთმა ქნას, რომ ახლა ჩამოვიდეს და ვნახო და, თუ ესეც არ გამართლდა, მაშინ ვთხოვ, რომ დამეხმარონ და მოხდეს მისი ჩამოყვანა უვნებლად,“ - განაცხადა გივი შავშიშვილმა.

დაზუსტებული ინფორმაცია, სად იმყოფებიან დეპორტირებული ქართველები, ამ დრომდე არ არსებობს. თუმცა, ანონიმური წყაროს მტკიცებით, მან დაინახა, რომ ილიჩევსკის პორტში თავზე ტომარაჩამოცმული ტყვეები ბორანზე აჰყავდათ. ვარაუდობენ, რომ ისინი სწორედ ის ქართველები არიან, რომლებიც უკრაინიდან 2 დღის წინ გაუჩინარდნენ. მოგვიანებით კი ადგილობრივმა სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ განხორციელდა დეპორტაცია. თუმცა, რა გზებით და რატომ არ დაბრუნდნენ ისინი ამ დრომდე საქართველოში, ამაზე აღარავის უსაუბრია.

ფაქტით არ დაინტერესებულა საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

ავტორი: სოფო ჭულუხიძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები