პატრიარქის ბრძანება მოსაყდრის დანიშვნასთან დაკავშირებით დაპირისპირების მიზეზი გახდა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი შაბათის კურიერთან ინტერვიუში ამბობს, რომ პატრიარქის ბრძანება მოსაყდრის დანიშვნის შესახებ შესაძლოა, არალეგიტიმური იყო, რადგან მაშინ შიო მუჯირის გამწესების შემდეგ, თავად ილია მეორე უნდა გადამდგარიყო.
მეუფე გრიგოლი არ გამორიცხავს, რომ ილია მეორემ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს.
წმინდა სინოდის წევრი ამბობს, რომ "საქმე გვაქვს სამართლებრივ კაზუსთან".
მეუფე არ არის დარწმუნებული, რომ პატრიარქი ოთახში შიოს მოსაყდრედ გამწესების ბრძანებას მარტო წერდა და თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალი იყო.
ეპისკოპოს გრიგოლისთვის ილია მეორის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. მისი შეფასებით, მსგავსი განცხადება სინოდზე კეთდება.
„სამართლებრივი კუთხით რომ შევხედოთ, ბევრი კითხვა ჩნდება. მე ისიც არ ვიცი, ის ამ გადაწყვეტილებაში თავისუფალი იყო თუ არა... მოსაყდრე ინიშნება მაშინ, როდესაც უუნარო არის პატრიარქი. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ ამას უნდა მოჰყოლოდა, რომ განცხადება ყოფილიყო, რომ მე მივდივარ, მოსაყდრეს ვნიშნავ და მოსაყდრე აგრძელებს იმ პროცედურებს, რაც დებულებით არის განსაზღვრული,“ - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.