„ევროპული საქართველო“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტში იბარებს. პარტიის ლიდერებს სუს-ის ხელმძღვანელთან კითხვები 22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აქვთ.
სერგი კაპანაძის თქმით, აუცილებელია გაეცეს კითხვებს პასუხი - არის თუ არა ლიკვიდირებულებს შორის საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევი და როგორ მოხვდა ის დაჯგუფების წევრებთან ერთად საქართველოში.
„დაგროვდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა - პირველ რიგში ეს კითხვა უკავშირდება იმას, იყო თუ არა ერთ-ერთი ლიკვიდირებული ადამიანი ჩატაევი. ადამიანი, რომელიც შეგახსენებთ, არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული სტამბოლში შარშან ტერაქტის მოწყობაში, რომელსაც მოჰყვა რამდენიმე ათეული ადამიანის დაღუპვა და 200-ზე მეტი ადამიანის დაშავება. ჩვენ გვაინტერესებს, ეს ადამიანი იყო თუ არა ლიკვიდირებული და როგორ მოხვდა საქართველოში. ჩვენ გვაინტერესებს და ეს კითხვები ლეგიტიმურია, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, რა ამოცანები და რა მიზნები ჰქონდა ამ დაჯგუფებას, რომლის წინააღმდეგაც განხორციელდა სპეცოპერაცია," - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.
ახმედ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლებას ახსენებს „ქართულ ოცნებას“ "ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია. საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, ჩატაევი ციხიდან მმართველმა გუნდმა პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლა. ელენე ხოშტარია იუსტიციის მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობაზეც საუბრობს.
„აუცილებელია იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც მაშინ გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკურად წინააღმდეგი იყო და პასუხი გასცეს თუ როგორ მოხდა ამ ძალიან საშიში დამნაშავის გაშვება მაშინ,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.