26 აპრილი 2024,   19:32
ვრცლად
„დეგრადაციის პროცესის გაგრძელება" - ოპოზიცია საკონსტიტუციოში ევა გოცირიძის კანდიდატურის დასახელებას ეხმაურება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დასახელდა. გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა ბიუროს გუშინდელ სხდომაზე ოფიციალურად წარადგინეს.

დამტკიცების შემთხვევაში, ევა გოცირიძე ლალი ფაფიაშვილს ჩაანაცვლებს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილების ვადა ეწურება.

საპარლამენტო უმრავლესობა ევა გოცირიძეს ობიექტურ, პროფესიონალ იურისტად ახასიათებს და მის წინააღმდეგ აგორებულ უარყოფით კამპანიას „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს.

„კითხვები გამოწვეული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიპიარის შედეგად და დახასიათდა ქალბატონი ევა, რომ ის არის ობიექტური, პროფესიონალი იურისტი, პროფესიულ წრეებშიც ასე იცნობენ და ჩათვალა გუნდმა, რომ იგი გაართმევს ძალიან კარგად მოვალეობას თავს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევა გოცირიძის მიკერძოებულობასა და არაპროფესიონალიზმზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ევა გოცირიძეს „დაბინავებას“ ცდილობს.

„ევა გოცირიძის კანდიდატურა უკვე დაიწუნა სტრასბურგის სასამართლომ კვალიფიკაციის გამო, დაიწუნა მისი შერჩევის პროცესიც და უმრავლესობა როგორც ჩანს, უბრალოდ აბინავებს ამ ადამიანს იმ უწყებაში, რომელსაც მან ფუნქციები ფაქტობრივად დაუკარგა შარშანდელი საკანონმდებლო ცვლილებებით,“ - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

საკონსტიტუციო სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ევა გოცირიძის ანტიკონსტიტუციურ გამონათქვამებს იხსენებენ „ევროპულ საქართველოში“. პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ გოცირიძის მოსამართლედ დანიშვნა, საკონსტიტუციო სასამართლოს „დეგრადაციის პროცესს“ გააგრძელებს.

„მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა სწორედ კონსტიტუციური, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საწინააღმდეგო გამონათქვამებით, როდესაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე ის მხარს უჭერდა საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. ეს გააგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს დეგრადაციის პროცესს,“ - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები