17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
"როდესაც ჩატაევი ჩამოვიდა, მე ციხეში ვიყავი" - მმართველი გუნდი "ენმ"-ის პასუხისმგებლობაზე საუბრობს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულებიდან ერთ-ერთი, საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევია, საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება.

მმართველი გუნდის წევრების თქმით, ტერორიზმის საფრთხის წინაშე არა ერთი ქვეყანა დგას. სოფიო კილაძის თქმით, მომხდარი არ ნიშნავს იმას, რომ ქართული სპეცსამსახურები ცუდად მუშაობენ.

„სამწუხაროდ 21-ე საუკუნეში, ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით დასავლურ ქვეყნებში ხდება ის უბედურება, რასაც ტერორიზმი ჰქვია და ასევე გვინახავს არა ერთი ტერორისტული აქტი, მათ შორის ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამსახურები მუშაობს არაეფექტურად,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას იმის შესახებ, რომ ახმედ ჩატაევის ქართული ციხიდან გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა, მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ ჩატაევის გათავისუფლება მომხდართან პირდაპირ კავშირში არ არის.

„ორი საკითხი უნდა გავყოთ ერთმანეთისგან, რატომ მოხდა იმ ადამიანის გათავისუფლება, ამას სულ სხვა საფუძველი ჰქონდა და დღესდღეობით ის, რაც ჩაიდინა ამ ადამიანმა. ერთი მეორესთან პირდაპირ კავშირში შეიძლება არ იყოს და ამიტომ აქედან გამომდინარე, სჯობს დაველოდოთ საბოლოო შედეგებს გამოძიების,“ - აცხადებს კილაძე.

მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ლევან გოგიჩაიშვილს კი, კითხვები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან აქვს. გოგიჩაიშვილს აინტერესებს, რატომ ჩამოიყვანა სააკაშვილის ხელისუფლებამ თავის დროზე საქართველოში ძებნილი ჩატაევი უკრაინიდან.

„ეს კითხვა დაუსვით მაშინ, ვინც იყო გენერალური პროკურორი. როდესაც ჩატაევი ჩამოვიდა, მე ციხეში ვიყავი,“ - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.

ამავე თემაზე
დღის ამბები