18 აპრილი 2024,   05:15
ვრცლად
გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება - "ქართულ ოცნებაში" ისევ აზრთა სხვადასხვაობაა

დეპუტატები საკანონმდებლო ცვლილებს განიხილავენ, რომელიც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მმართველ გუნდშიც არ არის საერთო პოზიცია. „ქართული ოცნების“ წვერებს გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ.

„გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით არის, როგორც გუნდში, ასევე ზოგადად, განსხვავებული მოსაზრებები. მთავარია, რომ გარემოს დაცვა პრიორიტეტი იყოს, ყურადღება არ მოაკლდეს,“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა.

ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების შესახებ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს, რადგან მისი აზრით, ეს გარემოს დაცვის სისტემის დასუსტებას გამოიწვევს.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ საკადრო გადაადგილებებზე გააკეთა კომენტარი. ის ჯერჯერობით ვერ ასახელებს კონკრეტულ რიცხვს, რამდენი ადამიანი დატოვებს სამსახურს, თუმცა აღნიშნავს, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებას ითვალისწინებს.

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პაკეტს ოპოზიცია მხარს არ უჭერს.

„რასაც ჩვენ ვუყურებთ 2018 წლის ბიუჯეტში, პირიქით, გაერთიანების შედეგად, ხარჯები 55 მილიონით არის გაზრდილი და თან ზრდა ისევ არ ეხება პენსიას, შშმ პირების დახმარებას,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ სტრუქტურული ცვლილებების განხილვას წარმოდგენა და სპექტაკლი უწოდა, რაშიც, მისი თქმით, პარტია მონაწილეობას არ მიიღებს.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები