18 მაისი 2024,   19:59
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი უკრაინიდან ბრიუსელში გამგზავრებას უკვე 18 საათია ელოდება

დაახლოებით 18 საათიანი ლოდინის შემდეგ, "რუსთვაი 2"-ის ჟურნალისტმა, თამარ ნუცუბიძემ კიევის აეროპორტი რამდენიმე საათში უნდა დატოვოს. თამარ ნუცუბიძე ბორისპოლის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, პასპორტის დაბრუნებას და ბრიუსელში გამგზავრებას ელოდება.

თამარ ნუცუბიძის ინფორმაციით, პროცესში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი ჩაერთო, რომელსაც განუცხადეს, რომ ჟურნალისტისთვის პასპორტის დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც თვითმფრინავი ბრიუსელის აეროპორტში დაეშვება.

კონსულის ინფორმაციით, პასპორტში იქნება ბეჭედი, რომელიც თამარ ნუცუბიძისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის აღმნიშვნელია.

„დაახლოებით 3 საათში მე წესით უნდა გავფრინდე ბორისპოლის აეროპორტიდან პირდაპირ ბრიუსელში. დაახლოებით მომიწია ტრანზიტულ ზონაში ყოფნა 18 საათის განმავლობაში. თავდაპირველად მითხრეს, რომ გამამგზავრებდნენ დილის 5 საათიან რეისზე ამსტერდამის გავლით ბრიუსელში, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რის შემდეგაც უკვე კონსულსაც დავუკავშირდი. პროცესში ჩაერთო ჩვენი კონსული და როგორც მას მიაწოდეს ინფორმაცია, პასპორტს დამიბრუნებენ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი დაეშვება ბრიუსელის აეროპორტში. გარდა ამისა, კონსულს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ პასპორტში იქნება ბეჭედი, რაც ნიშნავს იმას, რომ მე არ შემიშვეს უკრაინის ტერიტორიაზე. თუმცა, როგორც ამბობენ, ეს არ ნიშნავს აკრძალვას ქვეყანაში შესვლაზე. არ იქნება აკრძალვები სამ წლიანი და 5 წლიანი. თუმცა, სანამ პასპორტს არ ვნახავ, არ მეცოდინება რეალურად რა არის პასპორტში,“ - განაცხადა თამარ ნუცუბიძემ.   

“კურიერის“ ევროპის ბიუროს კორესპონდენტს უკრაინაში შესვლის უფლება მესაზღვრეებმა არ მისცეს. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს განუცხადეს, რომ მან კიევში ჩასვლის მოტივი ვერ დაადასტურა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები