18 აპრილი 2024,   04:17
ვრცლად
"ჩამომხრჩვალი იყო, თავს არ მოიკლავდა, დამემუქრნენ" - გარდაცვლილი მსაჯის ოჯახი მომხდარს ჩაწყობილ თამაშებს უკავშირებს

ეროვნული ჩემპიონატების მსაჯის გარდაცვალებას, რომელიც გუშინ ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს, ოჯახი ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.

გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ილო ტუღუშს სიკვდილამდე ერთ დღით ადრე სახლში მიაკითხეს და მისგან ფულს ითხოვდნენ. ოჯახის წევრები კონკრეტულ პიროვნებებსაც ასახელებენ და ამბობენ, რომ დაძაბული შეხვედრის მიზეზი სწორედ გარიგებული საფეხბურთო თამაშები იყო.

ბოლო მატჩი ტუღუშმა ლანჩხუთის "გურიისა“ და თელავის კლუბის შეხვედრისას იმსაჯა. გურიამ ბოლო წუთზე მის სასარგებლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და პირველი ლიგიდან გავარდა. ოჯახის ინფორმაციით, სწორედ ეს შეხვედრა გახდა დაძაბული გარჩევების მიზეზი.

ეკა ტუღუში ამბობს, რომ სამი პირი, რომელმაც მის მეუღლეს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სახლში მოაკითხა, მასაც დაემუქრა. 

„ჩემი ქმარი ჩამომხრჩვალი იყო, თავს არ მოიკლავდა ჩემი ქმარი. დამემუქრნენ, მე ხვალ მივფრინავო, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო. ის ერთი უბრალოდ ახლდა ბახტაძე ირაკლი, ბათუმლები იყვნენ შავი "მერსედესით". მეორე ჩხაიძე არის ლანჩხუთელი,“ - განაცხადა ეკა ტუღუშმა.

მისივე თქმით საუბარი 5000 ლარზე იყო, რომელიც სავარაუდოდ, მის ქამარს უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა ვერ შეძლო.

ეკა ტუღუში ამბობს, რომ მისი მეუღლის მანქანა გატეხილია. ილო ტუღუშის მეუღლის მსგავსად, გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს და მისი ვერსიით, ამის მიზეზი ფული იყო. 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

დღის ამბები