27 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
დევნა კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების გამო - "ენმ"-ის აქცია საქალაქო სასამართლოსთან

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნას გააპროტესტებს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“. აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება, სადაც დღეს ე.წ. შეწყალების საქმის განხილვა განახლდება.

გამოძიება მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლების გამო ედავება. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ახალ წლამდე დაგეგმილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაც.

“პოლიტიკური დევნა მიხეილ სააკაშვილის, რომელიც ხორციელდება, როგორც საქართველოში ასევე უკრაინაში, არის დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რაც თავისთავად არათავსებადია სამართლებრივ პროცესთან,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

სამართლებრივ აბსურდზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი. ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენების გამო დევნის.

„გრძელდება ის აბსურდული პროცესი, რაც უკავშირდება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენებაზე პრეზიდენტის გასამართლებას. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიო მართლმსაჯულების ისტორიაში, როდესაც კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების გამო, სამართლდება ქვეყნის მეთაური. ამ საქმეს არავითარი შეხება იურისპრუდენციასთან არ აქვს, ეს არის ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული, ეს არის დაკვეთილი საქმე,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია.

დღის ამბები