„ასეთი შემზღუდავი ცვლილება არის ძალიან დამაზიანებელი,“ - ასე აფასებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” პროგრამების დირექტორი, ლევან ავალიშვილი იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის კონსტიტუციაში ასახვის შესაძლებლობას.
სამინისტროს ინიციატივით, საჯარო ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით ცვლილებები შევა კონსტიტუციაში და ცნება - საიდუმლო ინფორმაცია, უფრო გაფართოვდება.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ საიდუმლო ინფორმაციის გაფართოების შემდეგ ძალიან ბევრი ტიპის ინფორმაცია შეიძლება მოექცეს ამ კატეგორიაში.
„ძალიან ბევრი კატეგორიის და ტიპის ინფორმაცია შეიძლება მოექცეს მაინც სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის საგანში, რომელიც თავისთავად იქნება საიდუმლო ინფორმაცია. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ ჩანაწერის კონსტიტუციაში შემოტანა პირდაპირ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავავიწროვებთ იმის შესაძლებლობას, რომ რაღაც კატეგორიის ინფორმაცია გამოვრიცხოთ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონიდან და ის არ იყოს სახელმწიფო საიდუმლოება,“ - განაცხადა სალაძემ.
ამის საპასუხოდ კი, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ საზოგადოებას კანონში რაიმე სახის დაკონკრეტება ფართო ინტერპრეტირების საშუალებას მაინც არ მისცემს.
„როგორ შეიძლება, რაიმეს დაკონკრეტებამ რომელიმე კანონში ან კონსტიტუციურ ნორმაში მოგცეს უფრო ფართო ინტერპრეტირების საშუალება. ეს ხომ არის უმარტივესი ლოგიკა,“ - განაცხადა მდინარაძემ.