18 ივნისი 2018,   15:41
ვრცლად
მაუწყებლის შესახებ კანონი - ოპოზიცია პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებს 

დღევანდელი ბიუროს სხდომის ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები იქნება, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე განიხილა. ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობას აძლევს.

მიმდინარე კვირაში პროექტს კანონმდებლები მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონმა ისეთი სახე უნდა მიიღოს, რომელიც კერძო მაუწყებლების უფლებებს არ შელახავს.

„მაქსიმალურად კანონის რედაქცია უნდა მოექცეს ისეთ ჩარჩოებში და ამისთვის ყველაფერი კეთდება, რომ ეს ორი ამოცანა ერთმანეთს არ დაუპირისპირდეს და საბოლოო ჯამში, ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებელიც გვყავდეს, რომელიც თავის მიზნებს შეასრულებს და არც კომერციულ ტელევიზიებს არ გაუჩნდეთ არანაირი უკმარისობის განცდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში ისინი არათანაბარ პირობებში დგებიან,“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ.

მაუწყებლის შესახებ კანონს აკრიტიკებს ოპოზიცია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

„უკიდურესად უსუსური და სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა და დარგობრივი ეკონომიკის ყველა წევრს შეულახეს ღირსება. ვინაიდან, ამ კომიტეტის წევრების 100%-იანმა შემადგენლობამ უარყოფით შეფასება მისცა ამ კანონპროექტს და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამას დაადებს ვეტოს,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრები კი, მედია თავისუფლების შეზღუდვის გარდა, კორუფციის რისკებზე ამახვილებენ ყურადღებას.

„სერიოზული პრობლემაა სამი მიმართულებით, პირველი არის თავისუფალი მედიისთვის სარეკლამო ბაზრის შეზღუდვა, მეორე, ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც კორუფციონიზმთან და პროტექციონიზმთან არის დაკავშირებული და მესამე, ეს არის სრულიად უცნაური რამ, რაც არის ბორდის ინტერესების შემცირება,“ - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.

ბიუროს სხდომაზე კანონმდებლები მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზეც იმსჯელებენ. მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება.

ცვლილებების შემდეგ, დღის წესრიგში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგა.

დღის ამბები