18 მაისი 2024,   20:30
ვრცლად
წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რაზეც პრემიერმა ძალიან ღირსეულად უპასუხა - საპარლამენტო უმრავლესობა კვირიკაშვილი-მელიას დაპირისპირებაზე საუბრობს

საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა მელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, პროვოკაციაზე ღირსეულ პასუხს უწოდებს, საპარლამენტო უმრავლესობა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ქმედებები იყო სამარცხვინო, ხოლო კვირიკაშვილის პასუხი ღირსეული.

„ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი მმართველობის მანძილზე პროვოკაციებით მართავდა ამ ქვეყანას და ამის გამო ჩვენი ქვეყანა რამდენჯერმე აღმოჩნდა საფრთხის და გარკვეული რისკების წინაშე, ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით, ზუსტად იგივე განწყობით რჩებიან ოპოზიციაში. გუშინ იყო სირცხვილი მათი ქცევა, ჩემი აზრით ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მათ პროვოკაცია, რაზეც პრემიერმა ძალიან ღირსეულად უპასუხა,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ნიკა მელიას განცხადებებს კომიტეტის სხდომაზე ზღვარგადასულს უწოდებს ეკა ბესელია. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პრემიერს თმენის ვალდებულება აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს შეუძლებელია.

„რთულია ემოციის კონტროლი ყოველთვის. მე მესმის, რომ პრემიერს და მას ესმის ეს ყველაზე კარგად, რომ აქვს ყველაზე მაღალი თმენის ვალდებულება და მან ეს აჩვენა გუშინ, მაგრამ არის რაღაც ზღვარი, რომელსაც არავინ არ უნდა გადააბიჯოს. ეს არის ზღვარი, რომელიც გადის ადამიანის ღირსებაზე. როდესაც ასეთი ზღვარგადასული ვითარება იქმნება პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც პარლამენტში ზის და მას არ აქვს პასუხისმგებლობის მინიმალური სტანდარტიც კი, ძალიან რთულია შემდეგ უკვე მოსთხოვო პრემიერს უემოციო სახით უყუროს ამ ყველაფერს,“-აცხადებს ეკა ბესელია.

განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმაც. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ენმ-მ კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ის არის მარგინალური ძალა.

„გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთივე დესტრუქციულია ოპოზიციაში, როგორიც ის იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროს,“-აცხადებს თალაკვაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები