27 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
ხმაური პარლამენტში - ვითარება საპარლამენტო განხილვისას რამდენჯერმე დაიძაბა

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების რეკორდულად ხანგრძლივი პროცედურა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. განხილვებისას ვითარება რამდენიმეჯერ დაიძაბა, მათ შორის იმ დროს, როდესაც საპარლამენტო ტრიბუნაზე სიტყვით ნიკა მელია გამოდიოდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პრემიერს მათ შორის, წინა დღით მომხდარი ინციდენტი შეახსენა და "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდი ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა, რასაც დარბაზში უმრავლესობის მხრიდან კვლავ ემოციური რეაქცია მოყვა.

პროცესი დეპუტატებს და მინისტრებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა. ვითარების განსამუხტად მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

„შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას მოვუწოდე, რომ მკაცრი კონტროლის ქვეშ აეყვანა ის შემთხვევა, რომელიც დაფიქსირდა ტელეკომპანია „იბერიაში“, როცა ყოფილ ჟურნალისტს და დღეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და გახდა ის თავდასხმის მსხვერპლი, სწორედაც რომ ბატონი კვირიკაშვილისწახალისებით. ამ ყველაფრის სათქმელად მიუახლოვდი ბატონ კვირიკაშვილს, არამედ ბატონ გახარიას,“ - განმარტა ნიკა მელიამ.       

მომხდარს გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი დავით ბაქრაძე. 

"არ შეიძლება პარლამენტის დარბაზში 100 ადამიანი 1 ადამიანს ებრძოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი ადამიანი არ  მოგწონს ან შენთვის მიუღებელ რამეს ამბობს. ამიტომ, ის რაც დღეს და გუშინ ვიხილეთ, პირველ რიგში საგანგაშოა სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ უმრავლესობის და პარლამენტის წევრებს არ აქვთ გააზრებული, რომ ისინი უნდა იყვნენ მთავრობის ზედამხედველები და უფროსები,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.

განსხვავებული პოზიცია აქვს უმრავლესობის წარმომადგენელს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბოლო დღეებში საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე. 

"მელიას გუშინდელი და დღევანდელი ქცევა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. ძალიან სამწუხაროა, დრო გადის, იცვლება ბევრი რამ ამ ქვეყანაში და თუ რამე არ იცვლება, ეს არის მათი დამოკიდებულება, ქცევები და პროვოკაციები. ისინი მხოლოდ კანონს უნდა ელაპარაკებოდნენ," - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

დღის ამბები