მთავრობის ახალი შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დაამტკიცა. ოპონენტების მხრიდან გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტმა ორი დღის განმავლობაში მწვავე კრიტიკა მოისმინა.
ოპოზიცია მმართველ გუნდს არათანმიმდევრული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.
„ვერ მოვისმინეთ ვერაფერი, რას ჰპირდება ეს მთავრობა პენსიონერებს, რას ჰპირდება დევნილებს. ვერ მოვისმინეთ ვერაფერი მცირე ბიზნესისთვის, იმ 10 ათასობით ოჯახისთვის, რომელსაც აწუხებს ლარის გაუფასურება და კრედიტები. ვერ მოვისმინეთ ვერაფერი იმ ხალხისთვის, ვისაც ქვეყანაში აქვს კონკრეტული პრობლემა, ეს არ არის ხალხის პრობლემებზე ორიენტირებული მთავრობა,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე.
დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მთავრობა მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას ვერ შეძლებს.
„ნებისმიერი მიმართულებით ქვეყანაში არის კრიზისი და ბუნებრივია, რომ შეუძლებელია ამ მთავრობის პროგრამისთვის გამოგვეცხადებინა ნდობა და მითუმეტეს ამ პერსონალური შემადგენლობისთვის. ეს მთავრობა აღმოჩნდა უუნარო და მას არ შესწევს ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევის უნარი,“ - ამბობს რომან გოცირიძე.
ოპოზიციის განცხადებების საპირისპიროს ამტკიცებს მმართველი გუნდი.
„მომავალი პერიოდი მათი საქმიანობის დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ამ ნდობის გამართლება. ჩვენ ყველა ველოდებით რა თქმა უნდა, ამას მათგან და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მთავარი გზავნილი პრემიერისგან იმის თაობაზე, რომ მომავალი წელი გამოცხადდა დისკუსიის, ჩართულობის, დიალოგის წლად,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.