19 დეკემბერი 2024,   10:56
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - მთავრობის ადმინისტრაციასთან "თეთრი ხმაურის" მდუმარე აქცია მიმდინარეობს 

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" მხარდამჭერები და აქტივისტები ერთი საათია მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქციას მართავენ. ისინი აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით მიმართვას ავრცელებენ. "თეთრი ხმაურის მოძრაობა" კიდევ ერთხელ შეახსენებს მთავრობას საზოგადოებრივ მოთხოვნას და დანაპირებს. 

“ჩვენ ვეხმაურებით გუშინდელ გამოსვლას პრემიერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებს. მათ განაცხადეს, რომ აკლიათ არგუმენტები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ჩვენ კი ვამბობთ, რომ არგუმენტები არსებობს და ვითხოვთ შეხვედრას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მზად ვართ, წარვდგეთ ყველა იმ არგუმენტით, რომელიც რეფორმის სასარგებლოდ გვაქვს და ჩვენ მოვითხოვთ მათგან, რომ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყონ შეხვედრა,“ - განაცხადა მოძრაობა ”თეთრი ხმაურის” აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტის გურამ იმნაძის თქმით, მათი კანონპროექტის მიზანი ნარკოტიკის პროპაგანდა არ არის.  

“ამ კანონპროექტის მიზანი არ არის რაიმე ნარკოტიკის, იქნება ეს მძიმე, მსუბუქი, აზრი არ აქვს, ნებისმიერი ნარკოტიკის პროპაგანდა. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ უბრალოდ ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანები დავაბრუნოთ საზოგადოებაში და ამ ადამიანებს სახელმწიფომ შესთავაზოს ის მიდგომები და ის სერვისები, რომლებიც მათ პრობლემებზე რეალური და ადეკვატური პასუხი იქნებოდა,“ - აღნიშნა გურამ იმნაძემ.

დღის ამბები