19 აპრილი 2024,   04:45
ვრცლად
ვიდეო, სადაც 3 წლის ბავშვი სიგარეტს ეწევა, არასამთავრობოთა აზრით, მცირეწლოვანზე ძალადობის ნიშნებს შეიცავს

3 წლის ბავშვის ვიდეო, რომელშიც მცირეწლოვანი უფროსის წაქეზებით, ბავშვი სიგარეტს ეწევა, მთელს ქვეყანაში კრიტიკის და განხილვის საგნად იქცა. მომხდარი უკვე შეფასდა ძალადობად და უფლებების დარღვევად. საზოგადოების ნაწილი კი, ბავშვის ოჯახიდან განრიდებასაც მოითხოვს.

მცირეწლოვნის დედის მტკიცებით, მან არ იცოდა, რომ ამით მისი შვილის უფლებები დაირღვა. სალომე საგინაძე პირობას დებს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.

თუმცა, სოციალურ ქსელში სხვა დროს გადაღებული ფოტოებიც ვრცელდება, სადაც ბავშვი ასევე სიგარეტს ეწევა, ხოლო მცირეწლოვნის დას ხელში იარაღი უკავია.

შესაბამისი რეაქცია ჰქონდათ ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. მცირეწლოვანის ოჯახში სოციალური მუშაკი უკვე იმყოფებოდა. ის ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაყვანის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. სააგენტოს თანამშრომლები არასრულწლოვანთან და მის მშობლებთან მუშაობას, მომავალშიც გააგრძელებენ.

ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ ვიდეო მასალა მცირეწლოვანზე ძალადობის ნიშნებს შეიცავს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით უნდა დაიწყოს, რაც ოჯახში არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.

მომხდარის შესწავლა უკვე დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები