17 იანვარი 2018,   08:58
ვრცლად
მაჩალიკაშვილები სუს-ს ჯანდაცვის სამინისტროზე ზეწოლაში, ჯანდაცვის სამინისტროს კი ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდის მკურნალობის შეფერხებაში ადანაშაულებს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ დამალა ინფორმაცია ერთ-ერთი გერმანული კლინიკის მზადყოფნის შესახებ მიეღო პაციენტი. დღეს მაჩლიკაშვილებმა უკვე საბოლოოდ მიიღეს ყველა დოკუმენტი გერმანიიდან და სწორედ ამ კლინიკაში მოითხოვენ დაჭრილი ახალგაზრდის გადაყვანას. პრობლემა ახლა ის არის, რომ ტრანსპორტირებისთვის 50 ათასი, მკურნალობისთვის კი 200 ათასი ევროა საჭირო.

ოჯახი ითხოვს, რომ 19 წლის ახალგაზრდის მკურნალობა ბერლინის „ჩარიტეს“ კლინიკამ გააგრძელოს. მაჩალიკაშვილები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია ამ კლინიკიდან პაციენტის მიღებასთან დაკავშირებით 4 დღის წინ მიიღო თუმცა სწორედ უშიშროების სამსახურის ჩარევით ის არ გაასაჯაროვა.  

ჯანდაცვის სამინისტრო კი მაჩალიკაშვილების ოჯახს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც უწყებამ უარყო ინფორმაცია, თითქოს პაციენტის ტრანსპორტირება სამინისტროს მხრიდან ფინანსური ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხების გამო შეფერხდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყება ამ დრომდე აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა კლინიკებთან. 

მაჩალიკაშვილების ოჯახი ამ დრომდე ელის პასუხს ჯანდაცვის სამინისტროდან. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები