19 მაისი 2024,   06:07
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილი დანიშნა

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილი თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი დანიშნა. ნაცვლიშვილი გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ წარადგინა. 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ანა ნაცვლიშვილი არის ადამიანის უფლებების დამცველი ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ხმა, იმ სახელმწიფოებრივ და საკანონმდებლო პროცესებში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ვითარდებოდა. 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურა მისი იურიდიული კვალიფიკაციის, პრინციპების გამო შეირჩა.

„მიხარია რომ ქალბატონი ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან. იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ორიენტირებული უკეთესი, სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში. მე ვუსურვებ ანას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობას ამ მიმართულებით,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ანა ნაცვლიშვილმაც გააკეთა. მან საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე მუშაობა მისთვის იქნება უდიდესი პასუხისმგებლობა.

„ჩემთვის იქნება უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივი თქვენთან ერთად და ადმინისტრაციის გუნდთან ერთად ახლა უკვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სტატუსით, გავაგრძელო მუშაობა და წვლილის შეტანა იმ უდიდეს საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოსთვის მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო ბაზის შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა დოლიძე შეცვალა. თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დოლიძე საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად დანიშნა.

დღის ამბები